დღეს, 5 ოქტომბერს, Apple-ის თანადამფუძნებლის, თავმჯდომარისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის სიმსივნისგან 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს სან-ფრანცისკოში დაიბადა. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 1986-2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა. როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა და შემოიტანა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში. 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში, ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი გარდაიცვალა.