პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებასთან" დიალოგისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან შეხვდრისას განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიალოგს "ქართულ ოცნებასთან" დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პალიკო კუბლაშვილი და გიგა ბოკერია აწარმოებენ.
"მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა ნება საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ყველა პროცესი წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში. ამ ამოცანის შესასრულებლად რა თქმა უნდა საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, და მე . იმედია ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში და საზოგადოება იქნება იმფორმირებული მისი დაწყების თაობაზე". - აღნიშნა ბოკერიამ.