დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევენები იყო. ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჯეი ტიშკევიჩის შეფასებით, არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესი, წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს. როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღინიშნეს, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.
ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და ექსცესების გარეშე უნდა შეძლოს. ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალმა პერიოდმა კონსტიტუციისა და კანონიერების სრული დაცვით ჩაიაროს და გაგრძელდეს ევროპული ინტეგრაციის კურსი.
ქართული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ესწრებოდა.