საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო, რომელსაც ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ტირზე ხელმღვანელობს. გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრისას, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პროცესი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ და ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველობის დემოკრატიული კურსი. ვოლფგანგ ტირზეს განცხადებით, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ამას გარდა, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.