ადამიანის უფლებათა ცენტრმა სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კორაშვილის, კომისიის წევრების და რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, სოველ ვაქირში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაყალბების გამო, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ მოძიებული მასალებით, საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრებისგან მიღებული ახსნა - განმარტებებით და 3 ოქტომბერს, სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის სხდომაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერით, დასტურდება, რომ საოლქო - საარჩევნო კომისიამ N5 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააყალბა.
როგორც ცნობილია, ცესკო-ს მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა" ლევან ბეჟაშვილმა გაიმარჯვა 48,7%-ით (10 124 ხმა). „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს 47,19% (9 811 ხმა) აქვს. ცესკოს-ს მონაცემებით, ბეჟაშვილი გელაშვილს 313 ხმით უსწრებს.
„ქართული ოცნება" სადავოდ ხდის N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთული აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული, თუმცა მას კომისიის 5 წევრის ხელმოწერა არ აქვს.
არსებობს ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მეორე ოქმიც, რომელსაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ბეჭდითაც დამოწმებულია და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებს, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას.
სოფელ ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა და კომისიის წევრებმა, გუშინ, საოლქო - საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელიც ესწრებოდა, დაადასტურეს, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც სიღნაღში არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იგებს, გაყალბებულია.