„ასაჩივრებენ, მესაზღვრეებმა რატომ მიიღეს მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებშიო, არადა საარჩევნო კოდექსით მათ ამის უფლება აქვთ. სხვა რაიონებში ჩემმა კოლეგებმა თავის კონკურენტებს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ დავით ქევხიშვილი, იმის ნაცვლად რომ მომილოცოს, რაღაც საზიზღრობებზე მიდის", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ნაციონალური მოძრაობის" ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" პრეტენზია ჩანთლისყურის საარჩევნო უბანზეც აქვს. „ამბობენ, ოქმი არ გაგვაცნესო, რაც ტყუილია. ამ უბნის გაუქმების შემთხვევაში, გამარჯვებული მაინც მე ვარ. თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები", - აღნიშნა ვერულაშვილმა.
ცესკოს მონაცემებით, მარიკა ვერულაშვილს 9 927 ხმა აქვს მიღებული (50,15%), ხოლო დავით ქევხიშვილს 9 122 ხმა აქვს (46.08%).
„ქართული ოცნების" წარმომადგენლის ლადო ალადოშვილის განცხადებით, მარიკა ვერულაშვილის მხარდასაჭერად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წინა ღამით, ამომრჩევლებს 50-დან 500 ლარამდე თანხა დაურიგეს. „ღამე პირდაპირ სახლებში შედიოდნენ და ხალხს ფულს უხდიდნენ როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. მანამდე ზოგს ჭერი გადაუხურეს, კრამიტი და შიფერი მისცეს. ისეთი ტერორი და შანტაჟი მიდიოდა, ხალხი დეპრესიაშია ჩავარდნილი", - განაცხადა ალადოშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მზად არის მოსყიდვის შესახებ ჩვენება საჯაროდ მისცეს, რის გამოც კოალიციას კიდევ დამატებითი საჩივრები შეაქვს.