2012 წლის 3-დან 7 ოქტომბრამდე საქართველოში საინფორმაციო ვიზიტით გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ვოლფგანგ თირზე იმყოფება. მას თან ახლავს პირადი რეფერენტი, დოქტორი, ანდრეას ტრამპე და გერმანიის ბუნდესტაგის პროტოკოლის თანამშრომელი, დოქტორი, შტეფანი როთენბერგერი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, დელეგაცია თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, გრიგოლ ვაშაძესთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან. გარდა ამისა დელეგაცია შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის,
კულტურისა და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებს.
გორში დელეგაცია გაეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და განვითარების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტებს. დაგეგმილია ასევე თელავის მონახულება.