უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოთქვამს საოლქო კომისიებში მუშაობის შეფერხების გამო, _ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს 1-ლი ოქტომბრის არჩევნების საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას, თუმცა ამავე დროს შეშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რასაც საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების თვალსაზრისით ცალკეულ რეგიონებში აქვს ადგილი", - ნათქვამია განცხადებაში
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრობლემები იკვეთება თერჯოლის, მარნეულის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ.
"კომისიების შენობებთან შეკრებილი აქტივისტები ზეწოლას ახდენენ კომისიის წევრებზე, ზოგჯერ კი მათ მიმართ ძალადობის მუქარას აქვს ადგილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა 2 ოქტომბერს თეთრიწყაროს საოლქო კომისიის სხდომა, სადაც, ერთი მხრივ, კომისიასთან მობილიზებული იქყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ხოლო მეორე მხრივ, სხდომაზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც აიძულებდა კომისიის წევრებს, გაეუქმებინათ საარჩევნო ოქმები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინათ შენობა, _ ნათქვამია განაცხადებაში.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და შესაძლებლობა მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიებს ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
კომისია მიმართავს კოალიცია "ქართულ ოცნებას", არ მოახდინონ საოლქო კომისიებთან თავიანთი აქტივისტების მობილიზება, ვინაიდან მათი მხრიდან ძალადობის მუქარა ძალადობის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს, რაც საერთო ჯამში არჩევნების შედეგების შეჯამებას უქმნის საფრთხეს. კომისია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პრობლემური საკითხები მხოლოდ ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვიტონ.