დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნების პროცესის წარმატებულად და დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
"ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო არჩევნების პროცესის წარმატებულად და დემოკრატიულად ჩატარება. აღნიშნული პროცესის ნაწილს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის წარმოადგენს იმ ცვლილებების პატივისცემა, რაც ამგვარი დემოკრატიული პროცესების შედეგად ხორციელდება. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მთლიანად საზოგადოებას. ამდენად, დანიის ლტოლვილთა საბჭოს სახელით, ვიმედოვნებ, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გარდამავლი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას", - აღნიშნულია დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის რეგიონული დირექტორის პოლ მაკინტოშის განცხადებაში.
მაკინტოში აღნიშნავს, რომ დანიის ლტოლვილთა საბჭო ინტენსიურად მუშაობს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, აქტიურადაა ჩართული მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროცესში და მონიტორინგსა და დახმარებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში.
"დანიის ლტოლვილთა საბჭო თხოვნით მიმართავს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, თავი შეიკავონ შენობების უკანონო და თვითნებური დაკავებისგან და პატივისცემა გამოხატონ მიმდინარე პროცესების მიმართ, რაც დაკავშირებულია ქვეყნის გარდამავალ პერიოდთან. დანიის ლტოლვილთა საბჭო გააგრძელებს დევნილთა განსახლების პროცესის მხარდაჭერას და მჭიდროდ ითანამშრომლებს ახალ მთავრობასთან საქართველოში დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია განცხადებაში.