საქართველოში გაერთიანებული ერების ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა განცხადსებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა დევნილს თავი შეიკავოს სპონტანური ან უკანონო ქმედებისაგან.
"გლუკი მოუწოდებს ყველა დევნილს თავი შეიკავოს სპონტანური ან უკანონო ქმედებისაგან, როგორიცაა საცხოვრებელი ფართების თვითნებურად დაკავება და ხელი შეუწყონ მთავრობის ცვლილების მშვიდობიან პროცესს, რომელსაც ადგილი აქვს დემოკრატიული არჩევნების შედეგად. კვლავ ძალაში რჩება შესაბამისი კანონმდებლობა, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული სამართლებრივი დაცვა, ვიდრე ის არ განიხილება ახალი პარლამენტის მიერ.
გლუკი მოხარულია აღნიშნოს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა პარტიის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დევნილთა მდგომარეობას და ასევე იმ ფაქტს, რომ ისინი მოწოდებულნი არიან ჩაერთონ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიებაში. გლუკი თავისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მანდატის განხორციელებისას განაგრძობს საქართველოში ყველა ადგილნაცვალი პირის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობას და მზადაა ამ საკითხებზე მჭიდროდ და კონსტრუქციულად იმუშავოს საქართველოს ახალ მთავრობასთან, ისევე როგორც სხვა მონაწილე მხარეებთან (პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, სასამართლო ხელისუფლება და ა.შ.).
გლუკი კვლავ იმეორებს თავის ადრინდელ თხოვნას პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ, რომ დევნილთა საჭიროებების განხილვისას ყურადღება გაამახვილონ მათ ადამიანურ ასპექტებზე და თავიდან აიცილონ ამ სრულიად ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირება", - ნათქვამია განცხადებაში.