"თუ არჩევნებს მოვიგებდით, მე თანამდებობიდან მაინც წავიდოდი, რადგან ჩემს ძირითად საქმიანობას უნდა დავუბრუნდე. ჯერ შვებულებაში ვარ, არ მახსოვს როდის მიმთავრდება. გამოვალ შვებულებიდან და თანამდებობიდან მივდივარ", - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში არსებული 3776 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3 654 უბნის შედეგები. ბოლო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას" 55% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 41,27%. საპარლამენტო არჩევნები მცხეთა - მთიანეთის ოთხივე რეგიონში „ქართულმა ოცნებამ" და კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოიგეს.
ცეზარ ჩოჩელი მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორად 2008 წლის თებერვლიდან მუშაობს. გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.