"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდგა. როგორც ,,ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასამართად სამუშაო ჯგუფი შექმნა.
"საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნება" შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უზრუნველვყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთანავე, ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას", _ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასამართად სამუშაო ჯგუფი შექმნა.
,,საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება მთავრობის აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი", _ ნათქვამია განცხადებაში.