"ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ჩვენი ხალხის უმრავლესობის არჩევანს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ.
მისივე განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ოპოზიციის სახელით შევა.
,,დღევანდელი სურათით უკვე ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობა კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, საქართველოს დემოკრატიის განვითარება. სწორედ ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ჩვენი ხალხის უმრავლესობის არჩევანს. ამიტომ ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ჩვენი გუნდის სახელით, ვაცხადებთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, შევდივართ პარლამენტში და ახალ პარლამენტში ვიმუშავებთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია", _განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განცხადებით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის სერიოზული გამოცდა იყო.
,,პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან დიდი და სერიოზული გამოცდა ქართული სახელმწიფოსთვის და მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ქართუმა სახელმწიფომ, გამოცდა ღირსეულად ჩააბარა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული დემოკრატიული, ევროპული და ცივილიზებული ერი და ვულოცავ და მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს იმ ღირსებისა და ორგანიზებულობისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზზე გამოიჩინა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ბაქრაძემ, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.