საქართველოში მყოფი უცხოელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა ქართული ოპოზიციის ზეიმი, რომელიც გამარჯვებას ეხება ნაადრევი იყოს. ამ განცხადებას "სი-ენ-ენ"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო დემოკრატიის მხარდამჭერი ინსტიტუტის ამერიკული ორგანიზაციის პრეზიდენტი ლორნ კრაინერი აკეთებს.
მისივე თქმით, ორმა დაპირისპირებულმა მხარემ - მმართველმა პარტიამ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს არჩევნებში უზარმაზარი თანხები ჩადეს.
"სახელმწიფო საარჩევნო კომისია პროფესიონალურად და დამოუკიდებლად მოქმედებს. ამ მიმართულებით მე კითხვები არ მაქვს... ცესკოს შეიძლება ვენდოთ", _ აცხადებს ლორნ კრაინერი და აღნიშნავს, რომ "კითხვა მდგომარეობს იმაში, შენარჩუნდება თუ არა სიმშვიდე, მას შემდეგ რაც საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება", _ განაცხადა მან.
"სი-ენ-ენ"-ი აღნიშმავს, იმასაც, რომ ლორნ კრაინერს მათთან საუბარში კიდევ ერთი ექსპერტი ეთანხმდება, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჟობინა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები გამარჯვების შესახებ ნაადრევია.
ამ ანონიმური ექსპერტის განცხადებით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ხელისუფლება დამარცებას ეთანხმება პროპორციული მონაცემებით, თუმცა საბოლოოდ მაინც არავინ იცის თუ რა პროცენტითაა მოპოვებული ეს გამარჯვება.
"ხმების დათვლა შესაძლოა არჩევნების ყველაზე სადავო ნაწილი გახდეს და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის",_ აცხადებს ექსპერტი.
"ამიტომაც ჯერ ჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა, თუ როგორი იქნება ოპოზიციის მომხრეების საქციელი მაშინ როდესაც ხმების დათვლა საბოლოოდ დასრულდება - მათ ხომ უკვე უთხრეს, რომ მათ გამარჯვება მოიპოვეს', _ აცხადებს ექსპერტი.