"New York Times"-ი და "Wall Street Journal"-ი წერენ, რომ ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნება" იმარჯვებს. საინფორმაციო სააგენტოების "Reuters"-ისა და "Asociated Press"-ის მიხედვით კი გამარჯვებას ორივე მმართველი და ოპოზიციური პარტიები აცხადებენ.
ეგზიტპოლის შედეგებით საქართველოს ოპოზიციამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "New York Times"-ი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ძალიან კონკურენტულ საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ახალმა პარტიამ მოახერხა დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილის პარტია. გამოცემის თანახმად ეგზიტპოლის შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" სავარაუდოდ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო. "თბილისი ყოველთვი იყო სააკაშვილის ოპოზიციის ცენტრი და თბილისელი ამომრჩეველი არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი"- წერს ჟურნალისტი.
"Wall Street Journal"-ის ავტორი წერს, რომ პროპორციულ არჩვენბეში საქართველოს ოპოზიცია ლიდერობს, მაჟორიტარულ არჩევნებში კი სავარაუდოდ სააკაშვილის პარტია დაიკავებს უპირატესობას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "ორივე შემთხვევაში შედეგები სააკაშვილის მმართველობისთვის, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმების შუქურად მიიჩნევა, რეგრესი იქნება. თბილისის ქუჩებში ამ წუთებში ოპოზიციის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ"-წერს "Wall Street Journal"-ი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ერთი თვის წინ სააკაშვილის პარტია ირწმუნებოდა არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებას, თუმცა მთავრობის იმიჯი ციხის სკანდალურმა ვიდეო კადრებმა მნიშვნელოვნად შელახა.
საინფორმაციო სააგენტოები "Associated Press" და "Reuter"-ი კი წერენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიცია და ხელისუფლება აცხადებენ.
"Reuter"-ის მიხედვით ეგზითპოლის შედეგებით ბიძინა ივანიშვილის კოალიცია პარლამენტში სავარაუდოდ 150 ადგილიდან 77 დაიკავებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი დარჩენილი 73 ადგილიდან 53 მიიღებს.
"ორივე მხარე პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგებს პატივს სცემს თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აღიარებენ".- წერს "Associated Press"-ი. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტია.