22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო საბალეტო პრემიერა იქნება წარმოდგენილი. პირველად 105 წლის შემდეგ ავგუსტ ბურნოვილის ბალეტი "ციმბირიდან მოსკოვამდე" თბილისში დაიდგმება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი ბალეტი "ციმბირიდან მოსკოვამდე".
ბალეტის პრემიერა 1876 წლის 29 ნოემბერს კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრში გაიმართა და მას შემდეგ არსად დადგმულა.
თბილისში ბალეტის აღდგენასა და დადგმაზე მუშაობენ ავგუსტ ბურნოვილის ბალეტების აღმდგენელი და პროდიუსერი ფრენკ ანდერსენი, ბალეტმეისტერები ანა მარი ვესსელ შლიუტერი, დინა ბიორნი და ქორეოგრაფის ასისტენტი ევა კლობორგი. ბალეტის მხატვრობა ეკუთვნის დავით მონავარდისაშვილს, კოსტიუმების მხატვარია ალექსეი ვასილევი.
პრემიერის წინ ავგუსტ ბურნოვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა.