28 სექტემბერს, საღამოს ოთხი საათისთვის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, წერეთლის გამზირი სრულიად პარალიზებული იყო. ამის მიზეზი კი ადრე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ამჟამად კი "დინამო არენაზე" გამოცხადებული ნაციონალთა მობილიზაცია გახლდათ.
როგ
ორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, კოალიცია ,,ქართული ოცნების» ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დააანოსა, რომ 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც მათი მხარდამჭერების პირველი შეკრება გაიმართა, დასკვნითი შეხვედრაც შემდგარიყო.
"ქართულ ოცნებას" ერთი დღით დაასწრო და ეს დასკვნითი შეხვედრა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 28 სექტემბერს, 5 საათზე სწორედ "დინამო არეანზე" გამოაცხადა.
როგორც უკვე გითხარით, წერეთლის გამზირი და დინამოს მიმდებარე ტერიტორია 4 საათისთვის ყველა მხრიდან გადაიკეტა და იქ მხოლოდ რაიონებიდან ჩამოსულ მიკროავტობუსებს უშვებდნენ.
მიკროავტობუსი კი იმდენი იყო, წერეთელზე მათი ადგილი რომ არ დარჩა, მტკვრის ორივე სანაპირო და თამარ მეფის გამზირიც კი დაიკავეს.
ნაციონალების ქარავანში, თითქმის, ყველა სახის ტრანსპორტი იდგა, მათ შორის, როგორც თანამედროვე, მოდერნიზებული ავტობუსები და მიკროავტობუსები, ისე, ექსპლოატაციიდან ჩამოსაწერი, დაჟანგული და პატრონისთვის თავმობეზრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
ალბათ ამიტომ იყო, რომ დღეს მძღოლებს ერთნაირად ჩამოჟამებული სახე ჰქონდათ და არც ყრილობას დასწრებია, მათი უმეტესობა. ყველა თავის მიკროავტობუსსს თუ ავტობუსსს დარაჯობდა.
რამდენიმე მათგანს მას შემდეგ გავესაუბრე, რაც სტადიონზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა და თავისი ძირითადი ელექტორატი " სმენად აქცია".
ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ყრილობას, მიპასუხეს, რომ დაღლილები იყვნენ და თან არც მიშას მოსმენა ეხალისებოდათ.
- ამოვიდა მისი ლაპარაკი ყელში, საკუთარი თავის ქებას და სხვის ლანძღვას მერამდენედ უნდა გვასმენინოს? - არ დამიმალა უკმაყოფილება ერთ-ერთმა კახელმა, რომელიც ახმეტიდან ჩამოყვანილი მიკროავტობუსის გვერდზე იდგა.
კახეთიდან და ქვემო ქართლიდან ჩამოსული ტრანსპორტი ძირითადად მარცხენა სანაპიროზე ჩამოეყენებინათ, თამარ მეფის ხიდიდან ლამის დიდუბემდე. დიღმის მასივში წყდებოდა იმ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების კუდი, რომლებითაც აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან ჩამოიყვანეს დედაქალაქში ხალხი.
ბლომად იყვნენ შიდა ქართლიდანაც, გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან...
გორელების ერთ-ერთი მიკროავტობუსი დიდუბის პანთეონთან გაჩერდა, სადანაც თხუთმეტამდე ადამიანი გადმოვიდა. ერთ-ერთმა ქალმა დინამოსკენ გზა მიგვასწავლეო, მთხოვა. რომ დავანახე, სადამდეც უნდა მისულიყვნენ, ფეხით რა მივა იქამდეო, დაიწუწუნა.
- თუ გეზარებათ, რატომღა წამოხვედით-თქო, - ვკითხე.
ერთი ღრმად ამოიოხრა და მიპასუხა - "ჩვენ ვიღა გვეკითხება, შვილო, ჩამოგვიარეს და ჩაგვყარეს ნახირივით ამ მანქანაში. ორი დღეა კოორდნატორები კარდაკარ დადიან და იხვეწებიან, ზოგს ემუქრებიან და ისე აგროვებენ ხალხს".
- შენ არ ხარ ამათიანი, ხო? - გადმომილაპარაკა ჩუმად და თავი გვერდზე მდგომი ახალგაზრდებისკენ გააქნია, თეთრ და წითელ მაისურებში გამოწყობილები რომ იდგნენ.
- ამათიანი ნამდვილად არ ვარ. - ვუთხარი მეც.
- ჩამოსვლით კი ჩამოვყევი ამათ, მაგრამ გულში რა მაქვს, ეგაა მთავარი. ბევრი ჩემსავით ფიქრობს, თავს უკანტურებს და ჰპირდება, თქვენი ამომრჩეველი ვარო. აბა, რა ვქნათ, შვილები გვყავს, მათ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, მაგრამ გულში რაც გვაქვს, იმას ნახავს ქართველი ხალხი 1-ელ ოქტომბერს.
უცნობ ქალბატონს დავემშვიდობე და მეც სტადიონის ტერიტორიისკენ გავწიე. აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარე ბაღში წვრილმანით მოვაჭრე ქალები რაღაცაზე უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ.
როგორც მათი საუბრიდან გაირკვა, იქვე, დინამოსთან, გზაჯვარედინზე ვიღაცის მანქანა გამვლელ ქალბატონს დასჯახებია და ფეხი მოუტეხავს.
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა კი გამოიძახეს და ისიც დროულად მოვიდა, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა და პატრულმა აქეთ არ შემოუშვეს და რის ვაი-ვაგლახით, ის ქალი იქით წაიყვანეს მანქანისკენო. - ამიხსნეს.
ერთმა გარემოვაჭრემ მეორეს მერე იმაზე დაუწყო საუბარი, თუ როგორ გააძვირეს ბაზრობის მიმდებარედ არსებულ ტუალეტებში ნაცონალების მხარდამჭერთათვის მომსახურების ფასები, მომენტალურად.
- მე ისევ 20 თეთრი გადამახდევინეს, მაგრამ ვინც კი ე, მაგ დახატული მაისურებით მივიდა, ყველას 30 თეთრი გამოართვესო. - სიცილით ყვებოდა ერთ-ერთი მათგანი.
ხუთი საათისთვის ,,დინამო არენას" ეზო მთლიანად გაივსო და იქ მდგარ ტუალეტებთანაც უსაშველო რიგები დადგა.
ჩამოსულებს შორის არაქართულენოვანი მოსახლეობის სიმრავლეც შეიმჩნეოდა. მათ შორის ბევრი იყო სკოლის ასაკის ბავშვიც, რომლებიც ნაცმოძრაბის სიმბოლიკიან თეთრ და წითელ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.
სიმბოლიკიანი მაისურების დარიგება მოგვიანებით სტადიონის ერთ-ერთ იარუსთან დაიწყეს, სადაც ისეთი რიგი დადგა, რომ ნაციონალების აქტივისტები ბოლოს მაისურებს ჰაერში ყრიდნენ და ხალხსაც "ბღუჯა-ბღუჯად" გამოჰქონდა რიგიდან. ზოგს იმდენი შეხვდა, მკლავებში ვეღარ ეტეოდა, ზოგი თითოსაც სჯერდებოდა. ერთმა ქალბატონმა რამდენჯერმე მოახერხა შეგროვილ ხალხში შესვლა და ბოლოს იმდენი მაისური დააგროვა, დიდი პარკში ძლივს ჩაატია.
- რად გინდათ, ქალბატონო ამდენი-მეთქი, ვკითხე.
- როგორ თუ რად მინდა, აქტვისტებს უნდა დავურიგოო. - გადმომხედა მედიდურად.
იგივე კითხვით ხანშიშესულ მამაკაცსაც მივმართე, რომელსაც რამდენიმე თეთრი და წითელი მაისური ჩაებღუჯა.
- მუქთაა ბიძია და რა უჭირს, სამუშაოდ ხო ჩაიცმევაო, მითხრა.
იქვე, სამეგრელოდან ჩამოსულ ნაცნობებს შევხვდი, რომელთაც ასევე წითელი მაისურები ეცვათ, მკლავზე ხუთიანით და გულზე წარწერით - "მე მიყვარს საქართველო".
- რა კადრებიც ნახეთ, იმის მერე ხელისუფლების მიმართ პროტესტი არ გაგჩენიათ? - ვკითხე ნაცნობობით გულმოცემულმა.
- ეგ ჩვენ არ გვეხებაო - მითხრეს პასუხად და სტადიონის იმ იარუსისკენ გასწიეს, რომელსაც ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი" ეწერა.
სტადიონის იარუსის ყველა სექტორის შესასვლელს ამშვენებდა წარწერა: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საბურთალო, ვაკე და ასე შემდეგ. საგულისხმო ისაა, რომ იმ შესასვლელებთან, სადაც დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დასახელება ეწერა, ძალიან ცოტა ხალხი იკრიბებოდა.
ზოგადად ხალხი მართლაც ბლომად იყო, თუმცა, რატომღაც, შიგნით, სტადიონზე შესვლას ყველა არ ცდილობდა. ბევრი მათგანი ეზოში მიმოდიოდა, ზოგიც ქუჩიდან აკვირდებოდა ვითარებას.
რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, ისინიც ჯგუფებად მიმოდიოდნენ და ცდილობდნენ, თავიანთ ტრანსპორტთან ახლოს ყოფილიყვნენ.
ამასობაში, სტადიონის ეზოში კიდევ ერთ ნაცნობს შევხვდი, რომელიც სამგერლოს ერთ-ერთ კოლონას ჩამოჰყვა.
მისგან ვიგებ, რომ თითოეული სოფლის გამგეობას ყრილობაზე ოცდაათიდან ორმოცდაათამდე ადამიანის ჩამოყვანა დაავალეს. თითოეული მიკროავტობუსის მძღოლს კი სამას ლარს შეპირდნენ.
- დილაადრიან გამოვედით და გზაზე ისეთი ამბავი იყო, ახლღა ჩამოვაღწიეთო, მეუბნება. - უკან ალბათ ხვალ დილამდე ვეღარ ჩავალთო.
- როგორ გგონიათ, უშველის რამე ნაციონალურ მოძრაობას? - ვკითხე.
- როგორც მიცვალებულს ,,ვენოკი" არ შველის, ამათ რაც არ უნდა იყვირონ დღეს, მაინც არაფერი გამოუვათ. ჩემიანად, აქ რომ ხალხია, ყველა ამთი ამომრჩეველი ხომ არ გგონია? რამდენი მხოლოდ თავს აჩვენებს მომხრედ და ამათთან მხოლოდ ფულის გამო რჩება დღემდე. თუმცა, ბევრს გულწრფელად სჯერა მთვრობის, შეხედე, რა გაბრწყინებული სახეებით დადიან? - მიმახედა წითელმაისურიანი ქალბატონებისკენ, რომელთა სიმრავლე მართლაც თვალშისაცემი იყო.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებემა, დაახლოებით ხუთი საათისთვის დაიწყეს, მანამდე კი სტადიონიდან სოფო ნიჟარაძის სიმღერების ჩანაწერები ისმოდა.
მიხეილ სააკაშვილი ,,დინამო არენას" ტერიტორიაზე 6 საათისთვის გამოჩნდა, თუმცა მისი გამოცხადებით გამოწვეული ოვაციები არ მომისმენია, რადგან ესკორტის გამოჩენისთანავე იქაურობას გავეცალე და მუშტაიდის მხრიდან სანაპიროსკენ ჩავედი..
დიდი მანძილის გავლა მომიწია, ვიდრე სადმე საქალაქო ტრანსპორტს გადავაწყდებოდი. მთელ სანაპიროზე მხოლოდ ჩემს მიერ ზემოთხსენებული მიკროავტობუსები იდგნენ.
იქიდან თამარ მეფის პროსპექტზე, ასევე, ფეხით გადავინაცვლე, სადაც შეზღუდულად, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო ავტობუსებით გადაადგილება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უკმაყოფილოები იყვნენ დედაქალაქის მკვიდრები და როგორ გამოხატავდნენ აღშფოთებას, 28 სექტემბერს თბილისში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ფაქტი ისაა, რომ გუშინ ნაციონალების დასკვნითი ყრილობა შედგა. მერე რა, რომ ხალხის ნაწილი კოორდინატორებს მუქარის, ხვეწნის ან თუნდაც ხათრის გამო გამოჰყვა, მერე რა, რომ შეკრებეილი ხალხის გარკვეულ ოდენობას სურვილი არ გაუჩნდა, სტადიონზე შესულიყო და ქვეყნის პირველი პირისთვის მოესმინა, მერე რა, რომ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც ნაციონალების სიმბოლიკიან მაისურებზე ზემოდან შავი პერანგები ეცვათ, მერე რა, რომ ზოგიერთი საერთოდ ქუჩიდან უყურებდა მოვლენებს და მზესუმზირას გულგრილად აკნატუნებდა, მერე რა, რომ ზოგიერთს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ძალიან ახლობელი ადამიანის პანაშვიდზე მიდიოდა (ღმერთმა ყველას აშოროს), მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პუბლიკის წინაშე კიდევ ერთხელ მოიწონა თავი.
თუმცა, მან არ იცის, რომ ეს სულაც არაა მთავარი, მთავარი ისაა, 1-ელ ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში რომელ ნომერს შემოხაზავს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი, იმ ხალხისაც, გუშინ რომ სტადიონზე თუ სტადიონთან იყო შეკრებილი.
თუ იმ გორელ ქალბატონს ვენდობით, ბატონ მიხეილს ტყუილად ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ირმა ბერიშვილი