ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები გამართა მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის, გაბონის რესპუბლიკის, პანამის რესპუბლიკის, ლიბანის რესპუბლიკის, მადაგასკარის რესპუბლიკის, მალდივის რესპუბლიკის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, პარაგვაის რესპუბლიკის და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე განათლების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ხაზით. გაიცვალა ორმხრივი ხელშეკრულებების პროექტები. მხარეებმა ისაუბრეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგებს დეტალურად გააცნო საქართველოში ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მიმდინარე მდგომარეობა და მოუწოდა მათ, მხარი დაუჭირონ გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების უფლებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ,,პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმს.
24 სექტემბერს გრიგოლ ვაშაძე დაესწრო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ ღონისძიებას კანონის უზენაესობის შესახებ.