"ზუგდიდიდან მივესალმები ჩემს ხალხ ჩვენს ტანჯულ პატიმრებს ციხეებსა და კოლონიებში. ჩემო ხალხო, მთელი საქართველო ფეხზე დადგა. ჩვენ საბოლოოდ დავინახეთ სააკაშვილის რეჟიმის სახე ამიტომ მე, დღეს მივმართავ აღშფოთებისაგან ყალყზე შემდგარ ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს შეურაცხყოფილ ხალხს - მე მოგიწოდებთ სიდინჯისაკენ, სიმშვიდისაკენ, მაგრამ არა ამ დანაშაულის დავიწყებისაკენ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, სააკაშვილი რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობა ყველაზე მძაფრად.
"სწორედ აქ, ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირებისა და უსამართლობის განსახიერება - ზუგდიდის ციხე. ეს ციხე ნესტიანია და ბინძური, იქ ადამიანებს აწამებენ. ის თითქოს იმისთვის დგას, რომ ვინც გაბედავს და სააკაშვილის რეჟიმსა და აქაურობას გაბატონებულ ერთ ოჯახს - ახალაიების ოჯახს დაუპირისპირდება - ახსოვდეს, რომ ამ ციხეში ჯოჯოხეთი ელოდება", - განაცხადა ივანიშილმა.