"სირაქლემა არ ვარ, რომ თავი დავმალო ქვიშაში და ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება საქართველოსთვის, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები, რუსეთის არმია არის ჩვენს საზღვრებთან აურაცხელი რაოდენობით და ატარებს ძალიან ძალიან საშიშ მანევრებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში იუსტიციის სახლის გახსნაზე.
მისი თქმით, დაფიცებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტს, რომ 2008 წელს ვერდამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებსა და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება.
"ეს ძალიან კარგად ვიცით და ყველამ განვიცადეთ შოკი წინა დღეებში, მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის დაფიქრებისა და თვალების ფართოდ გახელის დრო. ამ ვიდეოებს, იმის ნაცვლად, რომ პირველივე დღეებში გამოეშვათ, ინახავდნენ, აგრძელებდნენ, უკვეთდნენ არჩევნებისთვის, იმისთვის, რათა საქართველოს ხალხს არჩევნების წინ ეფიქრა არა იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნდა ჰქონდეს ან უმუშევრობა უნდა დავძლიოთ, არამედ შოკის ქვეშ მიეღოთ იმპულსური გადაწყვეტილება და ხელი გაუხსნან იმათ, ვისაც უნდა საქართველოს დაბრუნება წარსულში", _ განაცხადა სააკაშვილმა.