საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში იუსტიციის სახლის გახსნაზე მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა გარშემო მიმოიხედონ.
"მინდა ვუთხრა ხალხს - ყველა დავფიქრდეთ და გავიხედოთ გარშემო - თითოეული ჩვენგანის შვილი დადის თუ არა ქუჩაში უსაფრთხოდ? ახლა თქვენ როგორც რეალობას, გთავაზობენ იმას, რაც მოხდა იზოლირებულად ერთ ან რამდენიმე დაწესებულებასა და უწყებაში და გეუბნებიან, რომ აი, ეს არის საყოველთაო პრაქტიკა და ამითი თქვენს გასულელებას ცდილობენ", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს:
"თითოეულმა ჩვენგანმა გამოვრთოთ ერთი წუთით ტელევიზორი და გავიხედოთ ქუჩაში - ვუშვებთ თუ არა ჩვენს შვილს უსაფრთხოდ? არის თუ არა ჩვენი ქუჩა უკეთესი? არის თუ არა ჩვენი სკოლები უკეთესი? ჩვენ თვითონ გვივარდება თუ არა სახლში ვინმე და არღვევს ჩვენს უფლებებს? როცა მივდივართ დაწესებულებებში, გვხვდებიან იქ ძველი პასპორტისტკები, რომლებიც ხელებში გვიყურებენ, თუ გვხვდება ახალი სახელმწიფო აპარატი? და რა გვინდა ჩვენ, რომ მთელი საქართველო ვაქციოთ გლდანის მერვე საპყრობილის კარანტინის განყოფილებად, საიდანაც ყველამ ერთად დავიწყეთ გამოსვლა? ეს არის არჩევანი?"
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი დღეს თავად პრეზიდენტმა გახსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სერვისებს. აქ თავს მოიყრის 300-ზე მეტი სერვისი, მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.