."იუსტიციის სახლი არის სრული ანტითეზისი გლდანის მერვე საპრობილის, სამარცხვინო წარსულის გადმონაშთის, რომელიც იყო შემორჩენილი საქართველოში. ეს არის განსხვავება ახალ ბიუროკრატიასა და ძველ საბჭოთა მეთოდებს შორის", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში იუსტიციის სახლის გახსნაზე.
მისი თქმით, ვერც ერთი წარსული პრაქტიკა ვერ მოიკიდებს ხელს ჩვენს ინსტიტუტებში.
"საქართველო აღარასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველოს ვერასდროს მოახვევენ თავს წარსულის კორუფციას, წარსულის უთანასწორობას და მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, პროვოკაციისა და ჩავარდნისა - ჩვენ ყველანი ვასრულებთ ძირითადში ამ დაპირებას.
რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რასაც ვიძიებდით ასევე ბოლო ხანებში და მე ვარ ისეთივე და კიდვე უფრო მეტად აღშფოთებული, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა. მაგრამ ნახეთ, როგორ უპასუხა საქართველოს მთავრობამ, გადახედეთ როგორ უპასუხებდა ამას ნებისნიერი ქვეყნის მთავრობა ჩვენ გარშემო. ასეთი რამეები, სამწუხაროდ, ხდება ბევრ ქვეყანაში. მე ამით ნამდვილად არაფერს ვამართლებ. ბევრგან ეს საჯაროდაც კი არ გამოაქვთ, ჩვენთან კი ძალიან კარგია, რომ საჯარო გახდა.
ჩვენ ყოველივე ამას ვუპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა ამას ახალი, 21-ე საუკუნის დემოკრატიული მთავრობა. მთლიანად დავშალეთ სისტემა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი დღეს თავად პრეზიდენტმა გახსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სერვისებს. აქ თავს მოიყრის 300-ზე მეტი სერვისი, მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.