"არ შეიძლება, საქართველოში კიბოს უჯრედები კიდევ არსებობდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალის დროს გლდანის ციხეში შექმნილი ფაქტის კომენტირებისას.
"ის, რაც ვნახე, რაც აღმოჩნდა, რომ ხდებოდა გლდანის საპყრობილეში და იმ ჯგუფის მოქმედება, რომელიც ყველამ დავინახეთ, ეს არის ის ყველაფერი, რაც მეზიზღება, ის რისი წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში კიდევ შესაძლებელია. ამის ცალკეული უჯრედები კიდევ არსებობდნენ, ნამდვილი კიბოს უჯრედები ჩვენს ორგანიზმში. ეს არის ის, რაც საქართველოში ფეხამოკვეთილი და დამარცხებული მეგონა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ის, რაც გლდანის ციხეში მოხდა, რვა წლის წინ საქართველოს მუდმივი რეალობა იყო.
"ის, რაც ვნახეთ, რვა წლის წინ ჩვენი ყოველდღიური რეალობა იყო. კარგად მახსოვს, შსს-ის ფანჯრიდან ხალხი როგორ ცვიოდა, კარგად მახსოვს, ცემით რომ მოკლეს მძღოლი მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის ესკორტი არ გაატარა თავისუფლების მოედანზე და რიყეზე. მახსოვს გატაცებები, დაჭერებზე აღარ ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ყველას თვალწინ ხდებოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც დენი ყოველთვის იყო, ეს იყო დენზე შეერთებული ადამიანები - ადგილი პოლიციაში. ის, რაც მოხდა, ადამიანურ პრინციპებს სცილდება. ეს არ შეიძლება არ იყოს საზოგადოების აღშფოთების მიზეზი. პირადად ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული, პრაქტიკულად, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამას სჩადიოდა და ლამის გმირად შერაცხეს, თვეების განმავლობაში ხელფასს იმაში იღებდა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა და შემდეგ გაეყიდა. მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამას აფინანსებდა: ხომ არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებში გაიცვალოს და ყველაფერი ხომ არ შეიძლება პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.