საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 20 სექტემბრის სხდომაზე განიხილა რამდენიმე დავა მომხმარებლებსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს" შორის და ყველა მათგანი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყვიტა. კერძოდ, მოქალაქე არტემ გულოიანს ჩამოეწერა 962.18 ლარი, მოქალაქე ლევან მესხს - 841.91 ლარი, მოქალაქე ნაზი ჩოჩნიძეს - 438.75 ლარი. თუმცა, სამივე შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ძალაში დარჩა.
გარდა ამისა, კომისიამ განიხილა მოქალაქეების ნანი ელიოზაშვილსა და ანზორ წერეთელის საჩივრები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილის"-ის წინააღმდეგ და ისინი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, ნანი ელიოზაშვილს დარიცხული 1787.97 ლარი კომისიამ 893.84 ლარამდე შეუმცირა, რომელიც 48 თვეზე გადანაწილდება. ხოლო ანზორ წერეთელს დარიცხული 721.63 ლარის ნაცვლად 360.8 ლარის გადახდა მოუწევს, რომელიც 36 თვეზე გადაუნაწილდება.
კომისიამ სხდომაზე, ასევე, განიხილა „სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა ეჯეთაშის" საქართველოს ფილიალის მოთხოვნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" წინააღმდეგ. კომისიის გადაწყვეტილებით, უნდა გაუქმდეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის თაობაზე და „სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა ეჯეთაშის" წინააღმდეგ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
კომისიამ ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რომელიც შეეხება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადის გაზრდას.