სს „ენერგო-პრო ჯორჯია", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 20 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. დაჯარიმების მიზეზი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა გახდა.
სხდომაზე კომისიამ შპს „წითელ აგურსა" და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის დავა განიხილა. დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც შპს „წითელმა აგურმა" მიმდინარე წლის 3 ივლისს შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიმართა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცადით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვა ქსელზე მიერთება 500 კვტ სიმძლავრით. კომპანიამ კანონით დადგენილ ვადაში მიაერთა შპს „წითელი აგური" გამანაწილებელ ქსელთნ, თუმცა, მიერთების ტექნოლოგიური სქემით, მას განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ნაკლები მიეწოდა. შესაბამისად, მომხმარებელი სრული დატვირთვით ვერ ამუშავებს საკუთარ საწარმოს.
კომისიამ, საკითხის შესწავლის შემდეგ, სხდომაზე, შპს „წითელი აგურის" მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, დაავალა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოს შპს „წითელი აგურის" გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება და მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრით უზრუნველყოფა.