„მაწვდიან ინფორმაციას, რომ ხელისუფლება „მაესტროსა" და „მე9 არხთან" დაკავრიშებით სპეცოპერაციას გეგმავს. შურისძიება უნდათ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალების გამო, რომელიც პირველად აღნიშნული ტელევიზიების ეთერით გავიდა",- განაცხადა „ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა.
„ვაცხადებ, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალები პირადად ჩემი მოპოვებულია. ეს ისტორია მაისის თვეში დაიწყო, როდესაც ვანო მერაბიშვილის სახელით მომაწოდეს ეს შემზარავი ვიდეო კადრები. მასალის გადმომცემმა მითხრა, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ვიდეო მასალა გადაიღო, საქართველოს საზღვრები უკვე დატოვებული ჰქონდა. თავისთავად საინტრესეოა როგორ მოახერხა ამ მასალის გადამღებმა საქართველოს დატოვება. ჩავთვალე, რომ ეს სულაც არ მოხდა შემთხვევით და ძალოვანი სტრუქტურების გარკვეული შტოს მხრიდან მხარდაჭერა იყო.
თქვენ ნახეთ ვიდეომასალის მხოლოდ ფრაგმენტი, ხელში მიჭირავს ჩიპი, სადაც არის საათნახევრიანი ვიდეო მასალა რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს მასალები დაეგზავნა ყველა ევროსტრუქტურის წარმომადგენელს, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან მუქარას არანაირი აზრი არ აქვს.
მას შემდეგ, რაც მივიღე ეს მასალა, დავუკავშირდი ჩემს კოლეგას ბრიუსელში, „ობიექტივის" ბიუროს წარმომადგენელებს გაიორგი ფოფხაძეს და მერაბ ბლადაძეს, სწორედ მათი დახმარებით მოხდა ამ ვიდეო მასალის მიწოდება ევროსტრუქტურის წარმომადგენლებისთვისა და მაღალჩინოსნებისთვის. ეს ადამიანები შოკში იყვნენ, როდესაც კადრები ნახეს.
მაწვდიან ინფორმაციას, რომ ხელისუფლება „მაესტროსა" და „მე9 არხთან" დაკავრიშებით სპეცოპერაციას გეგმავს. ხელისუფლებას მინდა მივმართო, არც „მაესტროა" შუაში და არც „მეცხრე არხი", პირადად ჩემი, მოპოვებულია ეს მასალა. არცერთი პიროვნება, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელზეც ეს ხელისუფლება საუბრობს, მათ შორის თამაზ თამაზაშვილი, ამ პროცესებში არანაირ კავშირში არ არის.
გაჟონა ინფორმაციამ და ხელისუფლებამ შეიტყო, რომ 20 სექტემბერს ბრიფინგის ჩატარებას ვგეგმავდით ბრიუსელში, ამის გამო, ხელისუფლებამ თითქოს გადაფარა ეს ბრიფინგი და მანამდე გამოაქვეყნეს კადრები, თურმე როგორი მდგომარეობა ყოფილა ციხეებში. გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ მუქარის არ გვეშინია. ყველაფერი ქართველი ხალხის და სიმართლის გამარჯვებით დასრულდება",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.