ახალი პარლამენტის შეკრებამდე, შესაძლოა, ქვეყანა სახალხო დამცველის გარეშე დარჩეს. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.
კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.
თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნებისას კანდიდატების წარდგენა და არჩეულის გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.