საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. ყოფილი სახალხო დამცველი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის.
გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 31 ივლისს 5 წლის ვადით აირჩია. მოვალეობის შესრულებას იგი 2009 წლის 17 სექტემბერს შეუდგა. 32 წლის გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტია, აქვს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება და მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
გიორგი ტუღუშმა 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, 2001 წელს მიიღო ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვის დარგში. 2003 წლიდან გიორგი ტუღუში გახდა ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) იურიდიული ფაკულტეტის, "რაულ ვალენბერგის" სახელობის საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის მაგისტრანტი და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში.
1996 წლიდან გიორგი ტუღუში მუშაობდა ჯერ ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ განყოფილებაში, შემდეგ - თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილის თანაშემწედ, ხოლო 1999 წლიდან - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად.
2000 წლიდან გიორგი ტუღუში "ტასისი"-ს ეროვნული ექსპერტი იყო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების დარგში. ამავე პერიოდში მუშობდა საქართველოს პარლამენტში ჯერ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში, შემდეგ - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად, მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ.
2000-2002 წლებში მუშაობდა ურბანული ინსტიტუტის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი მმართველობის რეფორმის პროექტის იურიდიულ ექსპერტად. 2002 წლიდან - "გოპა კონსალტინგის" (გფრ) ადგილობრივი ექსპერტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ლექტორი გახდა.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ერთობლივ მედია-პროექტს, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის მიერ განხორციელდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნულ პროექტს, რომელშიც იგი იურიდიული მრჩეველად მუშაობდა.
გიორგი ტუღუში 2004 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი იყო. მალე მან ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) საქართველოს მისიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის პოზიცია დაიკავა. ეუთოს საქართველოს მისიაში გიორგი ტუღუში 2008 წლამდე მუშაობდა.
სახალხო დამცველად არჩევამდე გიორგი ტუღუში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობა" მენეჯერი იყო. პროექტის, რომელსაც „ჰიუმან დაინამიქსი" (ავსტრია), რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი (შვედეთი) და საბერძნეთის ომბუდსმენის ოფისი ერთობლივად ახორციელებს.
გიორგი ტუღუში 2005 წლის 1 დეკემბრიდან იყო ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის კომიტეტის (CPT) წევრი (არჩეული 4 წლის ვადით, 2009 წლის 19 დეკემბრამდე), ხოლო 2009 წლის 25 მარტიდან იგი აღნიშნული კომიტეტის წევრად კვლავ აირჩიეს მეორე ვადით (2013 წლის 19 დეკემბრამდე).
2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (UN CAT) - ის წევრად 4 წლის ვადით.
პარალელურად გიორგი ტუღუში მონაწილეობდა სხვადასხვა რეფორმის მიმდინარეობისას შექმნილი ჯგუფების მუშაობაში და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას არაერთი პროექტის ფარგლებში. კერძოდ:
სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი საუწყებათშორისო, საკოორდინაციო საბჭოს მოწვეული წევრი;
წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო, საკოორდინაციო საბჭოს მოწვეული წევრი;
ევროპის საბჭოს (CoE) "ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის ამაღლების" პროექტის ტრენერი მონიტორინგის თემაზე; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ტრენერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში;
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტრენერი თავისუფლების აღკვეთის ადგილების მონიტორინგის სფეროში;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მოწვეული ექსპერტი/ტრენერი საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში;
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალში;
შვედეთში "ლუნდის" უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" თვითმმართველობის კომისიის წევრი;
საქართველოს თვითმმართველობის დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის წევრი;
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უმცროსი მკვლევარი;