„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" გაეროს წამების აკრძალვის ქვეკომიტეტს მიმართა და მოითხოვა, რომ საქართველოში პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით ვიზიტი დაიგეგმოს.
ორგანიზაციამ ქვეკომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია 2012 წლის 18 და 19 სექტემბერს ინტერნეტითა და ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე, რომლებიც პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ასახავს ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
„42-ე მუხლი" გაგზავნილ წერილში დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არაერთი საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელიც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ეხება. ამასთან, პატიმრებს, საპყრობილეების ადმინისტრაცია ხშირად აშინებს ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საქმეებთან დაკავშირებით, რათა უარი თქვან საქმეთა წარმოების გაგრძელებაზე.
არსებობს ალბათობა იმისა, რომ წამება და სასტიკი მოპყრობა პატიმრების მიმართ კვლავაც არ შეწყდება. მაშინაც კი, თუ დამნაშავეები, რომლებიც ნაჩვენები არიან ვიდეო ჩანაწერებში, წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. გარდა ამისა, არის საფრთხე, რომ ეს ფაქტი შეფასდება განყენებულად და მსგავსი სისტემატური დარღვევები პატიმრების მიმართ მომავალშიც გაგრძელდება.
,,42-ე მუხლს" მიაჩნია, რომ წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტის ვიზიტს საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რათა მოხდეს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა სისტემური დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
გარდა ამისა, „42-ე მუხლმა" მიმართვა გაუგზავნა წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებლს, რათა მან ყურადღება გაამახვილოს ქართულ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოავლინოს საპატიმრო დაწესებულებებში წამების სხვა ფაქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავე პირების დასასჯელად.