საპატრიარქომ ფოთის ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება გადაიდო. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრი იტყობინება, ამის მიზეზი ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გავრცელებული კადრები გახდა.
"გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ქონდეს რაიმე გამართლება.
შექმნილი სიტუაციის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიდო ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება"-, ნათქვამია განცხადებაში.