დავით - გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მღვდელ - მონაზონი კირიონი თბილისში წამების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა. „მთავარი ბოროტების ჩამდენები არიან ისინი, ვინც ეს მოიფიქრა, ხოლო შემსრულებლები - უბედურები, თუ ყველანი ჩუმად ვიქნებით, შემდეგ გვიან იქნება", - განაცხადა მღვდელმონაზონმა.
ტელეკომპანიებმა „მაესტრომ" და „მეცხრე არხმა" მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ, საღამოს გაავრცელეს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს ცემენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ცოცხით აუპატიურებენ.
დღეს პატიმართა წამების ამსახველი ახალი ვიდეომასალები გავრცელდა. ტელეკომპანია „მეცხრე არხმა" არასწრულწლოვანი პატიმრის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ამსახველი ვიდეო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია როგორ ეკითხებიან არასრულწლოვან პატიმარს, სცემს თუ არა ქურდებს პატივს, რის შემდეგაც მას სასტიკად აწამებენ და აუპატიურებენ.
ასობით ადამიანი თბილისში აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების 10 თანამშრომელი, თანამდებობიდან გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.
მასალის გამოყენების პირობები