18-21 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს საფრანგეთში, პარიზში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში - Top Resa. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ადმინისტრაციაში განუმარტეს, 45 კვ/მ-ის საპრეზენტაციო სტენდზე ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან "Caucasus Travel"-ის, "GeoTravel"-ისა და "Visit Georgia"-ის ტუროპერატორები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27-29 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წამყვან ქართულ ტუროპერატორებთან (TN Tour, TravelShop, Visit Georgia, GeorgiCa Travel, Liberty Georgia, GeoTravel, Georgian Discovery Tours, Caucasus travel, Egzo Tour) და სასტუმრო "Holiday Inn"-თან ერთად მონაწილეობს პოლონეთში, ვარშავაში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში - TT Warsaw.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2011 წლის დასაწყისში, ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის მასშტაბური სარეკლამო კამპანია განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ცნობადობის გაზრდას აღნიშნულ ბაზარზე. ზამოხსენებულიდან გამომდინარე, ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კერძო სექტორიც საკმაოდ დიდ დაინტერესებას გამოხატავს პოლონური ბაზრის მიმართ და აქტიურად არის წარმოდგენილი ადმინისტრაციასთან ერთად.
"გამოფენების მსვლელობისას ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალის გავრცელება. საქართველოს სტენდებზე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, კერძო სექტორს კი საშუალება ექნება, დაამყაროს ახალი საქმიანი კონტაქტები", - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.