დღეს, 18 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ღონისძიებას პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი გახსნის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ასევე ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები".
პროექტის ფარგლებში სამი ძირითადი პარტიის ეკონომიკური ხედვის წარდგენა მოხდება, ესენია ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; ქართული ოცნება; ნაციონალური მოძრაობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა 12 სექტემბერს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ გიორგი თარგამაძესთან გაიმართა.
როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის და სად გაიმართება შეხვედრა ნაციოლანური მოძრაობის ლიდერებთან.