ლიბიის ახლანდელი ხელმძღვანელობა საზღვარეთის დახმარების გარეშე ქვეყანაში მომუშავე უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. განცხადება ამის შესახებ ლიბიის ელჩმა ვაშინგტონში ალი აუჯალმა გააკეთა.
დიპლომატის თქმით, ტრიპოლს კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობა, რომელიც საელჩოების თანამშრომლების დაცვას ეხება, თუმცა მიუხედავად ამისა ამ საკითხში დასავლეთის ქვეყნების დახმარებას მაინც ითხოვს.
"ჩვენ ძალიან სერიოზულ პერიოდს გავდივართ და ამიტომაც მეგობრების დახმარება გვჭირდება", _ განაცხადა აუჯალმა.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს აშშ-ს საკონსულო ლიბიის ქალაქ ბენღაზში თავდასხმის ობიექტი გახდა. ამ თავდასხმას ამერიკული დიპლომატიური მისიის ოთხი თანამშრომლის, მათ შორის ელჩის სიცოცხლე ემსხვერპლა.