საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატები გაიმართება. დებატებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები მიიღებენ.
წინასაარჩევნო დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.
ტელედებატებში მონაწილეობას ,,ნაციონალური მოძრაობიდან" პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, ,,ლეიბორისტებიდან" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და ,,ქდმ" პრემიერობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მიიღებს მონაწილეობას.
ტელედებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა.
დებატებში მონაწილე პირებისთვის საეთერო დრო თანაბრად გადანაწილდება. დებატების წესების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს წამყვანი პირდაპირ ეთერში დასასმელ შეკითხვებს ერთი საათით ადრე გააცნობს.
პრემიერების რიგითობას, რაც შეეხება ის კენჭისყრის მიხედვით განისაზღვრება და თითოეულ მონაწილეს მისასალმებელი სიტყვისთვის ორი წუთი ექნება. შემდეგ კი წამყვანი სამ შეკითხვას დასვამს და მონაწილეებს პასუხის გასაცემად თანაბარი დრო ორი წუთი ექნებათ. Aამის შემდეგ კი დებატებში მონაწილე პრემიერობის კანდიდატებს დამატებითი დრო მიეცემათ საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ტელედებატები 18 სექტემბერსაც გაიმართება.