ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისშია ჩაწერილი.
რასმუსენი ვიდეომიმართვაში სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე საუბრობს და იგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების საკითხში საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოიხსენიებს. მისი შეფასებით, ქვეყანა მაგალითია მოვალეობების შესრულების კუთხით.
"ვინაიდან დღეს თბილისში ვარ, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო მთავრობას და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია და ასევე მოვალეობების შესრულების კარგი მოდელი. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს ავღანურ მისიაში. ამ შემოდგომაზე ის გახდება ყველაზე დიდი არანატოს წევრი მონაწილე ამ მისიაში. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ასე რომ - ნატოს და ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში, გვაქვს სერიოზული დიალოგი და თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში", - აღნიშნავს ვიდეომიმართვაში ნატოს გენერალური მდივანი.