„ჯეოსელისა" და მომენტალური გადახდების გაერთიანებულ სისტემის კომპანია OSMP-ის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. OSMP-ის ინფორმაციით, „ჯეოსელის" საკუთარი აბონენტებისათვის დაგზავნილი ინფორმაცია, სადაც კომპანია OSMP-თან ხელშეკრულების გაწყვეტაზე აფრთხილებს აბონენტებს, წარმოადგენს ზეწოლის ინსტრუმენტს მოლაპარაკებებში, რომელიც მიმართულია შეთანხმებული საკომისო გადასახადის არარეალურ შემცირებიაზე.
„კომპანია „ჯეოსელი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზის, არსებული დავალიანებისა და კომპანია OSMP-ს მდგომარეობის შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს და არ შეესაბამება სიმართლეს.
კომპანია „ჯეოსელის" გავრცელებული მიმართვის ტექსტი და მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებები წარმოადგენს ზეწოლის ინსტრუმენტს მოლაპარაკებებში, რომელიც მიმართულია შეთანხმებული საკომისო გადასახადის არარეალურ შემცირებიაზე.
კომპანია OSMP, თავის მხრივ, მაქსიმალურად ეცდება „ჯეოსელი"-ს აბონენტებს შეუფერხებლად მიაწოდოს მობილური ბალანსის შევსების მომსახურება და შეუნარჩუნოს ჩვეული კომფორტი"- ნათქვამია OSMP-ის Facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ჯეოსელმა" აბონენტებს OSMP ხელშეკრულების გაწვეტის შესახებ აცნობა. „ჯეოსელის" ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი „ჯეოსელის" წინაშე OSMP-ის 2 მლნ ლარის დავალიანებაა.
„ჯეოსელის" ცნობით, OSMP-ის მმართველ კომპანიასთან შპს „მგგს" ხელშეკრულება 7 სექტემბერს 12:00 საათიდან შეწყდება, რის გამოც „ჯეოსელის" აბონენტები გადახდების OSMP-ის აპარატებით გადახდას ვერ შეძლებენ.