აჭარაში ფრინველთა გადაფრენის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოგარენი, კერძოდ კი სოფლები ჩაისუბანი და სახალვაშო, ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს წარმოადგენს.
ყოველწლიურად ასობით ათასი მტაცებელი და სხვა სახეობის ფრინველი მოგზაურობს ამ არეალში დაზამთრებისა და გამრავლების (ბუდობის) პერიოდში.
„ეს დერეფანი ყოველთვის გამოირჩეოდა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობით, თუმცა 3 სექტემბერი რეკორდული აღმოჩნდა: ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ იქნა 165 000 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი (თვლას აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ბათუმი რაფთორ ქაუნთ" http://www.batumiraptorcount.org). ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124 000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის პოტენციალს აჭარაში. შეგახსენებთ , რომ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი სოფელ ჩაისუბანში სულ მალე დაასრულებს ფრინველებზე დაკვირვების წერტილის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ოფიციალური გახსნა გაიმართება 22 სექტემბერს „ბათუმის ფრინველების ფესტივალის" ფარგლებში"- განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.