თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს 72 წლის პენსიონერ გურამ მიხელიძესთან ერთად, კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს" ესტუმრა. გურამ მიხელიძეს გულის იშემიური დაავადება აწუხებს და კარდიოსტიმულატორის ინპლანტაცია ესაჭიროება. კლინიკაში დღეს, ბატონ გურამს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და გადაწყდა, რომ პაციენტი ოპერაციას მომავალ კვირაში გაიკეთებს. პენსიონერმა კონსულტაცია პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმთან გაიარა და სწორედ მას შემდეგ გადაწყდა მისთვის კლინიკაში ოპერაციის გაკეთება.
გურამ მიხელიძე ოპერაციას სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამით გაიკეთებს. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი სოციალური პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ დააზღვია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობის). ასევე ახალი პროგრამით დაზღვეულია სტუდენტები, პირველი ჯგუფის ინვალიდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები.