საოლქო პროკურატურა გორის სამხედრო ნაწილის სერჟანტს 26 წლის თენგიზ გელაშვილს 19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს და მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლების თქმით კი, კობა მახარაშვილი ნაწამები იყო.
გორის რაიონულ სასამართლოში, სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი გურჯაანელი ჯარისკაცის კობა მახარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 სექტემბერს გაიმართა. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, კობა მახარაშვილის საქმეში ბრალდებული სერჟანტი თენგიზ გელაშვილია, რომელიც მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონში კობა მახარაშვილთან ერთად მსახურობდა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა გელაშვილს კობა მახარაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი), რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2012 წლის 12 ივლისს, მე-5 ქვეით ბრიგადაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სერჟანტმა გელაშვილმა რიგით ჯარისკაცს 19 წლის კობა მახარაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით სახეში ორჯერ გაარტყა, (ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო) რის შემდეგაც კობა მახარაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გელაშვილმა განაცხადა: „თავს დამნაშავედ ვცნობ მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ ჯარისკაცს, რომელიც დაიღუპა, მარტო 2-ჯერ გავარტყი სახეში ხელი, თვითმკვლელობამდე მე არ მიმიყვანია და არც მიწამებია".
სხდომას კობა მახარაშვილის ახლობლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, კობა მახარაშვილს თავი არ მოუკლავს და ის თენგიზ გელაშვილმა მოკლა.
„როგორ შეიძლებოდა გაბრაზებულ ადამიანს იარაღი ხელში ჰქონოდა და ის იმ ადამიანისთვის არ ესროლა, ვინც წყობიდან გამოიყვანა? სერჟანტის მოკვლის ნაცვლად თავი მოიკლა? ცხედარი რომ ჩამოასვენეს გურჯაანში, გარდაცვლილს მთელი სხეულის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, სასტიკად იყო ნაწამები. ბავშვს თავი არ მოუკლავს, ის მოკლულია და მკვლელს მხოლოდ ოთხი წელი უნდა გაატარებინონ ციხეში? დედამისი სასამართლოზე ვერ წამოვიყვანეთ იმის გამო, რომ ის თავს ვერ შეიკავებს და რამე საშინელება მოხდება," - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მამიდამ.
შეგახსენებთ, რომ კობა მახარაშვილი 2012 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა. ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი და კეფა აქვს განგრეული. კობა მახარაშვილის ბებიის ელიკო არუთინაშვილის თქმით, მისი შვილიშვილის ცხედარს წამების კვალი ეტყობოდა: „ლოყაზე ფრჩხილები ეტყობოდა, პირზე რევოლვერი ეტყობოდა ჩაჩრილი, ტუჩები სულ შავი ჰქონდა. თავი ჰქონდა გადაჭრილი და გაკერილი, გულიც ჩაჭრილი და გაკერილი. ცხედარი დაკრძალვამდე ოჯახის ახლობელ ექსპერტს ვაჩვენეთ, ეს თავისით მკვდარი არ არის, მოკლულიაო გვითხრა," - განუცხადა ჯარისკაცის ბებიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, რომ კობა მახარაშვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 21 წლის ჯარისკაცი ჯაბა გაბიტაშვილი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინიდან იყო. თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს ტელეფონით აცნობა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.