დღეს, 6 სექტემბერს, თბილისს, სენატორ ჯონ მაკეინის (რესპუბლიკური პარტია, არიზონა) ხელმძღვანელობით, აშშ-ის სენატის სამკაციანი დელეგაცია ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სენატორები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, აგრეთვე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მხარეები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ. სენატორი მაკეინი 1986 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია. ის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.
დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია, სამხრეთი კაროლინა). სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, აგრეთვე შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრი. სენატორი გრემი სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის წამყვანი წევრია. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ-ის საგარეო დახმარებას კურირებს. სენატორი გრემი არის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა, აგრეთვე სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიც.