ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობამ დღეს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.
მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და "ვუდროუ ვილსონის ცენტრის" ყოფილი პრეზიდენტი; ლარი კინგი, CNN-ზე „ლარი კინგის შოუს" წამყვანი და ქველმოქმედი; გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი; რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი.
„ტელეკომპანია „მეცხრე არხის" მენეჯმენტი და თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ არხის მრჩეველთა საბჭოში ესოდენ გამორჩეული ადამიანები, საერთაშორისო ჟურნალისტები, მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ადამიანის უფლებათა დამცველები შევიდნენ. „მეცხრე არხი" ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ „მეცხრე არხს" გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლება", - განაცხადა "მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა
კომენტარები გააკეთეს საბჭოს წევრებმაც. ლარი კინგის თქმით, მას ეამაყება, რომ "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდი.
"როგორც ჟურნალისტისა და მედიაკომენტატორისთვის, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეცხრე არხი", როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას - ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ", - განაცხადა ლარი კინგმა.
ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი, რომელიც ასევე საბჭოს წევრია, აცხადებს, რომ "მეცხრე არხი" წარმოადგენს ახალ, მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ხმას, რომელიც იცავს საქარველოს მოსახლეობის უფლებებს.
საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი ლეს გელბი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელყოფის გამო. "როგორც ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ მედიის თავისუფლებას საქართველოში."
ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი ამბობს, რომ ტელეკომპანია "მეცხრე არხი" წარმოადგენს კეთილ ინიციატივას, რომელიც ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას შესთავაზოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ინფორმაციისა და ახალი ამბების წყარო. "გავმხდარიყავი ამ საბჭოს წევრი, განაპირობა ჩემმა სურვილმა გლობალური ყურადღება მომეზიდა იმ გამოწვევებზე, რომელსაც "მეცხრე არხი" აწყდება მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ხელისუფლების მხრიდან."
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც "მეცხრე არხის" საბჭოს წევრი, მის მიზანს დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.