საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება, არჩევნების თარიღი კანონით არის განსაზღვრული და არ შეიცვლება, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა არასამთავრობოთა წარმომადგენლების მიმართვაზე. არასამტავრობოები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას 29 ან 30 სექტემბერს ითხოვდნენ.
"არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და ის განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია არჩევნების თარიღის გადაწევა ან გადმოწევა", - განაცხადა აზარაშვილმა.
არსამათავრობოების მიერ ც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნულია, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით წამოიჭრა.
"ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის ("გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონთ დადგენილი გარკვეული მოთხოვნის შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები") საფუძველზე, გამოავლინოთ კეთილი ნება და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და მისცეთ შესაძლებლობა, რათა მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს - უქმე დღეს", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.