საქართველო - დაღესტნის საზღვართან, ლოპოტის ხეობაში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი ისევ შევიდა. როგორც სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლებმა
კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ხეობაში სპეცრაზმელებით სავსე 8 დიდი მანქანა, 15-ზე მეტი პოლიციის პიკაპი და 4 ვერტმფრენი შევიდა.
ლაფანყურის მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე წუთის წინ მანქანები უკან სპეცრაზმელების გარეშე დაბრუნდნენ.
„საღამოს, ხეობაში 8 დიდი მანქანა შევიდა, რომლებშიც სპეცრაზმელები ისხდნენ. 15-მა პიკაპმა აიარა. ხეობაში 4 ვერტმფრენიც შევიდა. რა ხდება, არავინ იცის, მოსახლეობას ინფორმაცია არ გვაქვს," - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაფანყურელებმა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. შსს-მ 3 სექტემებრს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი პანკისის ხეობაში სოფელ დუისში 3 სექტემებრს გამთენიისას, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი კი დღეს დაკრძალეს.