დღეს, 5 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარმოადგენს. კვლევის თემაა "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში"გაიმართება. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
შეგახსენებთ, რომ NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.