ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბლოკი სრულად იზიარებს საზოგადოების უკიდურეს აღშფოთებას ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გმობს ხელისუფლების დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო საინფორმაციო პოლიტიკას ამ მიმართულებით.
მათი განცხადებით, სრულიად აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში უმალავდა მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას და ურცხვად ტყუოდა, თითქოს მათ შორის არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
"იმავდროულად, ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ნეშთებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, მუდმივად ამყოფოს საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში და ამ გზით დათრგუნოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განცხადებით, გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეციალური ოპერაცია დაიწყო იმ ვითარებაში, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შანსი.
"კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს, მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ინტენსიური გახადონ კონსულტაციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენები", - აღნიშნულია განცხადებაში.