საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც აეროპორტის თანამშრომლებსა და კომპანია "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. აღნიშნული კომპანია 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 22-თვიანი სამუშაო, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრულად რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ავიაბაზარი გაიხსნა.
"ვიღაცამ შეიძლება თქვას, "ასაფრენი ზოლი - დიდი ამბავი", მაგრამ ასაფრენი ზოლი ბევრად რთული გასაკეთებელია, ვიდრე ტერნიმალი. ამიტომ ასაფრენი ზოლი, რომელიც მთლიანად მოძველებული გვაქვს და თბილისში ჩვენი ჯაყჯაყა სიტუაცია მთლიანად იცვლება. ეს არის ქვეყნის პირველი შთაბეჭდილება. მაგრამ ერთი რაც უნდა ვთქვათ, მგზავრების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა. "ვარდების რევოლუციამ" ერთ-ერთი რაც ქნა, ავია ბაზრის გახსნა დაიწყო. "ვარდების რევოლუციამდე", მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი ავიაგადამზიდავი იყო. პარლამენტში დაარიგეს ქრთამები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში და ყველა ავიაკომპანია ბაზრიდან განდევნეს. მანამდე ეს ძველი აეროპორტის შენობა - აიღეს კრედიტი EBRD-იდან, მოიპარეს შევარდნაძის ჩინოვნიკებმა, მათ შორის ვინც დღეს ხელისუფლებაში მოიწევენ, გადაღებეს ფარდულივით და იმას ერქვა აეროპორტი. დაკეტეს ყველა ავიაკომპანია. ფასები ავიდა წარმოუდგენელ რაოდენობაზე და დადიოდა მხოლოდ ერთი ავიაგადამზიდავი. ჩვენ ეს გავხსენით. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დღეს თბილისიდან ბილეთების ფასები არის დაუშვებლად მაღალი მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. არ შეიძლება კიევში ბილეთი 600 დოლარი ღირდეს. არ შეიძლება ევროპაში ღირდეს ის, რაც ღირს. ჩვენ გვჭირდება საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"როცა პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში ჩამოდიოდა 120 000 ტურისტი და ვიზიტორი. წელს ჩამოვა 4 მილიონ ორასი ათასი. ვერა ქობალიას ოპტიმისტურ მონაცემებსაც კი გადააჭარბა ამან. მომავალ წელს გვეყოლება ბევრად მეტი ტურისტი, ვიდრე გვყავს მოსახლეობა. მსოფლიოში ჩვენი ზომის ერთი-ორი ქვეყანა არსებობს, სადაც არის უფრო მეტი ტურისტი, ვიდრე მოსახლეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოჯახებში შევა მეტი შემოსავალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდება. ვიღაცა იტყვის, ამათ ყველაფერი უცხოელებისთვის უნდათ, საკმაოდ კარგად, ამ მხრივ კარგად რომ არა აქვს ნაფიქრი. ეს უცხოელები რომ ჩამოდიან, ფულს სად ხარჯავენ - ჩვენ მიერ გახსნილ სასტუმროებში,ჩვენ მიერ გახსნილ კაფეებში, ჩვენ მიერ შექმნილ ბიზნესებში, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდულობენ და ღვინის პოპულარიზაციას ახდენენ", _ განაცხადა პრეზიდენტმა..
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მგზავრობის ტარიფმა უნდა დაიწიოს.
"რატომ არის, რომ საბოლოო ჯამში, გამოვძვერით და ვერაფერი გვიყო ემბარგომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის, ქართულ ღვინოს ადგილზე სინჯავს და ხდება პოპულიზაცია. მადლობელი ვარ "ტავის'', რომ მუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ღვინო "ტავის" სხვადასხვა ტერმინალში გავიდეს მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ უნდა დავწიოთ ტარიფები და მგზავრთა რაოდენობა გავზარდოთ", _ განაცხადა სააკაშვილმა.