თურქეთში, დიიაბრაკირის რაიონში, საზარელი მკვლელობა მოხდა. მამამ და ბიძამ 17 წლის მოზარდი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეძლებული ოჯახი ერთი თვის განმავლობაში მალავდა მოზარდის მკვლელობას და ფაქტი მხოლოდ ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციის მცდელობის შემდეგ გახმაურდა.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, 17 წლის მოზარდი საშინელ ზეწოლას განიცდიდა ოჯახის წევრებისგან სექსუალური ორიენტაციის გამო. ამ მიზეზით იგი საცხოვრებლად მეგობრის სახლშიც კი გადავიდა, საიდანაც უკან ბიძამ ძალის გამოყენებით დააბრუნა. მოგვიანებით მოზარდს კონფლიქტი მოუვიდა მამასთან, რის ნიადაგზედაც მან შვილს 14 ტყვია ესროლა. მამამ და ბიძამ მოკლულის ცხედარი მალულად დამარხეს.
სამართალდამცავებმა მოკლულის მამა და ბიძა ეჭვმიტანილების სახით დააკავეს. ლგბტ-ის წარმომადგეენლები აცხადებენ, რომ ოჯახი, რომელსაც მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსები აქვს, დღესაც ცდილობს საქმის ჩაფარცხვას.
"ოჯახს სურდა მკვლელობის დამალვა, რომელიც ერთი თვის წინ მოხდა, რადგან მდიდარი და გავლენიანი ოჯახია. მათ სურდათ, რომ პოლიციას მომხდარი ინცინდენტი დაემალა. ჩვენც განვიცდით ძალადობას და ზეწოლას. არ არსებობს სტრუქტურა, რომელსაც შესაძლებელია მივმართოთ. პოლიციაც ჩვენ გვიპირისპირდება", - აცხადებს ლგბტ-ის წარმომადგენელი.