საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წლევანდელი ამბასადორიალი განსაკუთრებული იქნება. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ამბასადორიალი 2012" თემატურად იქნება დაყოფილი.
"წლევანდელი აბასადორიალი რამდენიმე მიზეზის გამო განსაკუთრებული იქნება. პირველი ის არის, რომ არასოდეს გვყოლია სტუმრად ამდენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ იცით, რომ ბატონი რატუ ინოკე კუბუაბოლა "ამბასადორიალზე" სიტყვით გამოვა, სიტყვით გამოვლენ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს გენერალური მდივანი. საქართველო-ნატოს თანამშრომლობა გრძელდება. საქართველო არის ნატოს უაღრესად საჭირო და ღირსეული პარტნიორი. რითაც გამოწვეულია ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი გვესტუმრება და სიტყვით გამოვა", _ განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძისგან განმარტებით, ყველა წინა ამბასადორიალისგან განსხვავებით, წლევანდელი ამბასადორიალი "პანელებად იქნება დაყოფილი". A
"არ იქნება ერთმანეთის მიყოლებით სამინისტროებისა და მთავრობის წვერების გამოსვლები. ეს იქნება თემატურად დაყოფილი ამბასადორიალი, სადაც ვისაუბრებთ რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირთან, ნატოსთან. კიდევ ერთი განსაკუთრებული თემა იქნება ის, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის ინსტრუქციით საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იქნება, რაც შეიძლება ეფექტური მონაწილეობა მიიღოს მთავრობის პროგრამის შესრულებაში "მეტი სარგებელი ხალხს", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ: "ამბასადორიალი 2012" 5 სექტემბერს გაიხსნება და 7 სექტემბერს დასრულდება. "ამბასადორიალში" მონაწილეობას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით შვედეთის, პოლონეთისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. ხოლო 6 სექტემბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი და ამერიკელი სენატორები ესტუმრებიან.