ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და პროფესიონალიზმის ამაღლება მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ ქალაქში ახალი კლინიკების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რათა მოსახლეობამ კვალიფიციური და ეფექტური სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" აშენდა. 6 სართულიანი კლინიკა 4 000 კვ.მეტრ ფართობზე განთავსდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. სამედიცინო ობიექტში 130 ექიმი დასაქმდა. შენობა უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და სტერილური ჰაერის თანამედროვე სისტემებით. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" 2 საოპერაციო და 15 პალატიანი სტაციონარი განთავსდა. სამედიცინო ობიექტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად სტაციონარში მოთავსებულ 40 პაციენტს მოემსახუროს. კლინიკაში ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს ქირურგიული მკურნალობა, ენდოსკოპიური ოპერაციები, ქიმიო და სხივური თერაპია ჩატარდებათ. ასევე განხორციელდება სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინები, იმუნოთერაპია და უჯრედული თერაპია (ღვიძლის და გულსისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით). სამედიცინო ცენტრში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი და ძვლის ტვინის დონორთა ეროვნული რეესტრი ფუნქციონირებს. კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება, ქვეყნის მასშტაბით, 1 სექტემბრიდან დაიწყო. ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), ასევე სტუდენტები, პირველი ჯგუფის ინვალიდები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები. ახალი სადაზრვევო პროგრამით, თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, ექიმებს შეხვდა და მათ დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე გაესაუბრა.